ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, გალისიის რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, გალისიის რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე გალისიის რეგიონში 70 ათასამდე მცხოვრები კვლავ კარანტინში აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მკაცრი კარანტინი გამოცხადდა გალისიის რეგიონში, ლუგოს პროვინციის ამარინიას რაიონში. ადგილობრივ მცხოვრებლებს რაიონის დატოვება პარასკევამდე აეკრძალათ. ამარინიას დატოვება ადგილობრივებს მხოლოდ სამსახურში გასამგზავრებლად ან ნებართვის ქონის შემთხვევაში შეუძლიათ.

ამასთან, ნებადართულია ამარინიას შიგნით გადაადგილება, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულოა პირბადეების ტარება.

აღსანიშნავია, რო 12 ივლისს გალისიაში რეგიონული არჩევნები იმართება.

რაიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მიიღო. გალისიის რაიონში არსებული „კოვიდ-19“-ის 258 აქტიური შემთხვევიდან, 100-ზე მეტი ლუგოს პროვინციაში დაფიქსირებული. ინფიცირების ახალი შემთხვევები ამარინიაში მდებარე რამდენიმე ბარს უკავშირდება.

მანამდე, ერთი დღით ადრე, კარანტინი გამოცხადდა კატალონიის საგრიას რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ განაცხადა, რომ უწყება გალისიასა და კატალონიაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

ესპანეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 205 545 შემთხვევა. გარდაიცვალა 28 385 ადამიანი.