ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონში ტყის ხანძარს ებრძვიან
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გალიციის რეგიონში ტყის ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რეგიონში 1 000 ჰექტარ ფართობზე ტყის ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 49 სახანძრო ბრიგადა, რვა სახანძრო თვითმფრინავი და 14 ვერტმფრენია მობილიზებული.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ჯერ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას დღის წესრიგში, რადგან ხანძრის გავრცელების არეალში არც ერთი დასახლება არ არის.

გარემოს დაცვის რეგიონალური ხელმძღვანელის, მანუელ როდრიგესის განცხადებით, ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი, რადგან რამდენიმე ადგილას აალება მალევე მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შესაბამისი კომისიაა შექმნილი, რომელიც ხანძრის გარემოებებს გამოიძიებს.

ტყის ხანძრებს ესპანეთში ყოველწლიურად ებრძვიან, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მიმდინარე წელს, ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, ტყის ხანძრების შედეგად 74 ათასზე მეტი ჰექტარი დაიწვა, რაც საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია.