ესპანეთიდან „გაგრაში“ - ფარცვანია ისევ უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს #1TVSPORT
ესპანეთიდან „გაგრაში“ - ფარცვანია ისევ უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ფარცვანია ესპანეთში სინჯებზე მიიწვიეს, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო საქართველოში დაბრუნება მოუხდა და „გაგრაში“ ჩაირიცხა.

„12 წლიდან „დინამო თბილისის“ აკადემიაში ვვარჯიშობდი, შემდეგ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში გიორგი ჩიტაურმა მიმიწვია და რამდენიმე ამხანაგური და ელიტ რაუნდის მატჩები ვითამაშე. ამის შემდეგ ესპანეთში სინჯებზე მიმიწვიეს – „ფუენლაბრადაში“. იქ 20 დღის განმავლობაში ვარჯიშობდი, მაგრამ იურიდიული პრობლემები შეიქმნა, არაევროკავშირელობის გარდა, პრობლემა ასაკიც გახდა – 18 წლის ჯერ არ ვარ. უკონტრაქტოდ შემომთავაზეს იქ დარჩენა და ვარჯიში, მაგრამ თამაშებს ვერ ჩავატარებდი, ჩემს ასაკში კი უთამაშებლობა ყველაზე ცუდია და საქართველოში
დაბრუნება გადავწყვიტე“, – ამბობს გიორგი ფარცვანია.

ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, ამ პერიოდში „გაგრას“ ვარიანტი გამოჩნდა: 

„ყველამ იცის, რომ „გაგრა“ ახალგაზრდული გუნდია, ამ კლუბიდან ახლო წარსულში უცხოეთში ბევრი ფეხბურთელი წავიდა და შემდეგ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშეს – ოქრიაშვილი, ფანცხავა, გაბედავა, თოთაძე. სინჯების შემდეგ დამტოვეს, ძალიან თბილად მიმიღეს და იმედია, ამ ნდობას კარგი თამაშით გავამართლებ“.