ესპანელმა სამხედროებმა მოხუცებულთა სახლებში მიტოვებული პაციენტები აღმოაჩინეს
ესპანელმა სამხედროებმა მოხუცებულთა სახლებში მიტოვებული პაციენტები აღმოაჩინეს

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულმა ესპანელმა სამხედროებმა მოხუცებულთა სახლებში მიტოვებული პაციენტები აღმოაჩინეს, ზოგიერთ მოხუცი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იყო.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ესპანეთის პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ესპანელი სამხედროები ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებში მონაწილეობენ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, მთავრობა იქნება მკაცრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან ასაკიან ხალხს მოხუცებულთა თავშესაფრებში.

„არმიამ რამდენიმე ვიზიტის დროს აღმოაჩინა სრულიად მიტოვებული მოხუცები, ზოგიერთი საკუთარ საწოლში გარდაცვლილიც კი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა გახდა სიკვდილის მიზეზი.

მინისტრის თქმით, ზოგიერთი თავშესაფრის პერსონალმა დაწესებულებები კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ დატოვა.

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 462 ადამიანი შეადგინა. სულ გარდაცვლილია 2182 ადამიანი.