ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლა სუარეს ნავარომ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა, რომ მას ლიმფოიდური ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე (ჰოჯკინის ლიმფომა) აღმოუჩინეს. ამის გამო, კარლას ექვსთვიანი ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მოუწევს.
„მკაცრ და სასტიკ რეალობას შევეჩეხე. უნდა მივიღო ეს და ვცადო გამკლავება ექიმების დახმარებით. ყოველთვის პოზიტიურად ვხვდები ყველა გასაჭირს.
მთელი კარიერის განმავლობაში მომთმენი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. დღეს მე საკმაოდ რთული მოწინააღმდეგე მყავს, მაგრამ რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ“, – დაწერა სუარესმა.
ესპანელი, რომელსაც გამოცხადებული ჰქონდა, რომ 2020 წლის სეზონი ბოლო იქნებოდა კარიერაში, პროფესიულ ტურში ორი ტიტულის მფლობელია. „დიდ სლემზე“ მისი საუკეთესო შედეგი იყო მეოთხედფინალი – ამ ეტაპზე სამჯერ მივიდა ავსტრალიაში და ორ-ორჯერ როლან გაროსზე და აშშ-ში. რეიტინგში საუკეთესო პოზიცია 2016 წლის მარტში ჰქონდა – მეექვსე ადგილი. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 11 699 196 დოლარი.