„ესოშიეთიდ პრესი“ – წარმომადგენელთა პალატამ 95 მილიარდი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო წინადადება მხოლოდ რესპუბლიკელების მხარდაჭერით დაამტკიცა

02:35, 23.07.2026

წარმომადგენელთა პალატამ 95 მილიარდი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო წინადადება მხოლოდ რესპუბლიკელების მხარდაჭერით დაამტკიცა. ეს შუალედური არჩევნების წინ განხორციელებული ბოლო ძალისხმევაა ირანის ომისა და თეთრი სახლის სხვა პრიორიტეტების დასაფინანსებლად, დემოკრატებისა და რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის წინააღმდეგობის მიუხედავად, –  ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ამ გეგმის გარშემო გაიყვნენ. მედია წერს, რომ კონსერვატორები სიფრთხილეს იჩენდნენ, რადგან პროექტი სხვა საბიუჯეტო ხარჯების შესაბამის შემცირებებს არ ითვალისწინებდა, რაც დამატებით დაფინანსებას დააბალანსებდა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გეგმის წინ წაწევა გადაწყვიტა და, სენატში არსებული სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, დამოუკიდებლად მოქმედების პროცესი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრიორიტეტების გატარების საუკეთესო შანსად მიიჩნია.

კენჭისყრის შედეგი იყო 216-214 – ყველა დემოკრატმა წინააღმდეგ მისცა ხმა. დემოკრატები აცხადებდნენ, რომ ეს თანხა არა „ტრამპის წარუმატებელ ომზე ირანში“, არამედ ქვეყნის შიგნით უნდა დაიხარჯოს, განსაკუთრებით ისეთი ინიციატივების დასაფინანსებლად, რომლებიც ამერიკელებისთვის ხარჯების შემცირებას ემსახურება.

ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, კონგრესი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის საკითხზე ჩიხშია მოქცეული – კანონმდებლებს არ შეუძლიათ ტრამპის სამხედრო დარტყმების შეჩერება, თუმცა, ამავდროულად, მათ ოფიციალურად არ გაუციათ ნებართვა ამერიკული სამხედრო ძალის გამოყენებაზე.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, კონგრესში პოლიტიკური დაპირისპირება ასევე არსებობს იმის გამო, რომ ამ ომის დასაფინანსებლად გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით დოლარის გამოყოფაა საჭირო. AP-NORC-ის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა უმრავლესობა ირანთან მიმართებით დონალდ ტრამპის მიერ არჩეულ სტრატეგიას არ იწონებს.

საბიუჯეტო ბრძოლა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ტრამპი ახლო აღმოსავლეთში დაღუპული ოთხი სამხედრო მოსამსახურის ცხედრების გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო. დაღუპული სამხედროების საერთო რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. პიტ ჰეგსეთმა ამ კვირაში სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ პენტაგონს ფინანსური რესურსები ეწურება, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მასშტაბური საბიუჯეტო კანონით მას ერთჯერადად 150 მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოეყო.

საბიუჯეტო პაკეტი ითვალისწინებს: 60 მილიარდ დოლარს – პენტაგონისთვის; 13 მილიარდ დოლარს – ეროვნული უსაფრთხოების სხვა საჭიროებებისთვის; 12 მილიარდ დოლარს – ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო ფინანსურად დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად; 10 მილიარდ დოლარს – საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებისთვის, რომლებიც SAVE America Act-ის შესაბამისობაშია და მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნებს ითვალისწინებს – საკითხებს, რომლებიც ტრამპის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს.

ამერიკული კანონმდებლობით, ბიუჯეტი ძალაში რომ შევიდეს, ის კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი