„ესოშიეთიდ პრესი“ - ლონდონის გარეუბანში თავდასხმა, რომლის შედეგადაც ებრაული თემის ორი წარმომადგენელი დაშავდა, პოლიციამ ტერორისტულ აქტად შეაფასა
ლონდონის გარეუბანში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც ებრაული თემის ორი წარმომადგენელი დაშავდა, პოლიციამ ტერორისტულ აქტად შეაფასა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 45 წლის მამაკაცი, მკვლელობის მცდელობის ბრალდების საფუძველზე, ქალაქში მომხდარ ანტისემიტურ თავდასხმასთან დაკავშირებით დააკავა. მედიის ცნობით, ანტიტერორისტული პოლიცია იძიებს, არსებობს თუ არა კავშირი დანით შეიარაღებულ თავდასხმასა და ბოლო პერიოდში ლონდონში სინაგოგებსა და სხვა ებრაულ ობიექტებზე განხორციელებულ განზრახ ცეცხლის წაკიდების შემთხვევებს შორის. ამავე ინფორმაციის თანახმად, გამომძიებლები ასევე იძიებენ დანით შეიარაღებულ თავდასხმასთან შესაძლო ირანულ კავშირს. თუმცა პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდართან დაკავშირებით მთავრობის საგანგებო კომიტეტის სხდომა გამართა და განაცხადა, რომ „ანტისემიტიზმისა და ექსტრემიზმის ფესვებს აღმოფხვრის“.
თავდასხმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ.
მედია წერს, რომ ბრიტანელი ებრაელების ნაწილი ხელისუფლებას უსაფრთხოების ვერუზრუნველყოფაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში ებრაული თემის წარმომადგენლებს დაესხა თავს. მამაკაცი ებრაული საზოგადოების, „შომრიმის“ წარმომადგენლებმა დააკავეს, ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და თავდამსხმელი დააპატიმრა.