„ესოშიეტიდ პრესი“  - აშშ რუსეთში დარჩენილი ორი საკონსულოს დახურვას გეგმავს
„ესოშიეტიდ პრესი“ - აშშ რუსეთში დარჩენილი ორი საკონსულოს დახურვას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში დარჩენილი ორი საკონსულოს დახურვას გეგმავს. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამის შესახებ კონგრესს ჯერ კიდევ 10 დეკემბერს შეატყობინა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლებს აცნობა, უწყება ვლადივოსტოკში საკონსულოს სამუდამოდ დაკეტვას, ხოლო ეკატერინბურგში საკონსულოს მუშაობის დროებით შეჩერებას აპირებს.

როგორც „ესოშიეტიდ პრესისთვის“ გახდა ცნობილი, სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსულოების დახურვის მიზეზად დაასახელა რუსეთში მომუშავე ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შეზღუდვა, რომელიც რუსეთი ხელისუფლებამ 2017 წელს დააწესა.

ვლადივოსტოკისა და ეკატერინბურგის საკონსულოებში სულ დასაქმებულია 10 ამერიკელი და 33 ადგილობრივი თანამშრომელი.

საკონსულოების დახურვის შემდეგ რუსეთში აშშ-ის ერთადერთი დიპლომატიური ცენტრი მოსკოვში მდებარე საელჩო იქნება. პეტერბურგში გენერალური საკონსულო აშშ-მა რუსეთის მოთხოვნით 2018 წელს დახურა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთს სკრიპალების მოწამვლის შემდეგ სიეტლში მდებარე საკონსულო დაახურინა.

დატოვე კომენტარი