„ესოშიეითიდ პრესი“ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო ავიამზიდი წყნარი ოკეანიდან ახლო აღმოსავლეთში გადაიყვანა
ამერიკული ავიამზიდი USS George Washington დასავლეთ წყნარი ოკეანიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება, რის გამოც ჩინეთის სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ს ავიამზიდი აღარ ეყოლება, – ამის შესახებ სტატიას „ესოშიეითიდ პრესი“ აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, USS George Washington ახლო აღმოსავლეთში USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყების შემდეგ იმყოფება.
მედიის ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ამერიკული ავიამზიდების საბრძოლო ჯგუფის არყოფნა შესაძლოა, ხანმოკლე იყოს, თუ საზღვაო ძალები რამდენიმე თვეში რეგიონში კიდევ ერთ გემს გაგზავნიან. თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანის წინააღმდეგ განუსაზღვრელი ვადით ოპერაციები ამერიკელი მეზღვაურებისთვის უკიდურესად დამღლელია.
როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, აშშ-ის საზღვაო ძალებს 11 ავიამზიდი ჰყავს და, როგორც წესი, ერთდროულად ერთ ლოკაციაზე ორ ან სამ მათგანს ათავსებს.
16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი ეწვია USS Abraham Lincoln-ს, რომელიც წელს ახლო აღმოსავლეთში მეორედ განლაგდა, მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი ხნით იყო როტაციაში. ირანის წინააღმდეგ ომში აქტიური მონაწილეობის გამო, მას ეკიპაჟის დასვენებისთვის პორტებში შესვლა არ შეეძლო. მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ მეზღვაურები ანონიმურად უჩიოდნენ წყალმომარაგების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჰიგიენური საშუალებების დეფიციტს და გარკვეულწილად საკვების დეფიციტს. მედიის ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებიც მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდნენ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობისას ზღვაში გადახტა.