ესმაილ ბაღეი – ომანში დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო მარშრუტების შექმნა იქნება
ომანში დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო მარშრუტების შექმნა წარმოადგენს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ჰორმუზის სრუტის მომავალი უნდა განიხილონ.
„ამ დროისთვის დაგეგმილია, რომ ეს შეხვედრა ორშაბათს გაიმართება სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იქნება ირანისა და ომანის ძალისხმევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო მარშრუტების თაობაზე ურთიერთგაგების მიღწევას ისახავს მიზნად. ჩვენ სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაცნობებთ ომანთან მოლაპარაკებების შედეგებს“, – განაცხადა ესმაილ ბაღეიმ.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ირანისთვის მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის გამოყენების უფლების უზრუნველყოფის ნაცვლად, დაბრკოლებად იქცა. მისივე თქმით, სააგენტომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ისა და ისრაელის „ტყუილზე დაფუძნებულ“ ბრალდებებს დაეყრდნო და ამით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დებულებები დაარღვია.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანი ასრულებდა ვალდებულებებს და მიუხედავად მისი უფლებისა, გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის, მმართველთა საბჭომ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ პრაქტიკულად დაარღვიეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დებულებები, რადგან მოქმედებდნენ ირანის ბირთვული პროგრამის ხასიათთან დაკავშირებით არსებული სავარაუდო შეშფოთების საფუძველზე – შეშფოთების, რომელიც აშშ-ისა და სიონისტური რეჟიმის მიერ შექმნილ ტყუილს ეფუძნება“, – განაცხადა ბაღეიმ.