ესმაილ ბაღეი – ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო საზღვაო დერეფნების შესაქმნელად მოლაპარაკებებში წინ მიიწევენ
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო საზღვაო დერეფნების შესაქმნელად მოლაპარაკებებში წინ მიიწევენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.
ბაღეის მტკიცებით, მოლაპარაკებები ფოკუსირებულია სატრანზიტო მარშრუტებზე, რომლებიც ორივე სანაპირო სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებსა და უსაფრთხოების საკითხებს დაიცავს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული საზღვაო გზის ორ სანაპირო სახელმწიფოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ორიენტირებულია გემებისთვის უსაფრთხო სატრანზიტო მარშრუტების დადგენაზე.
„ირანი, ომანთან თანამშრომლობით, მუშაობს ამ სტრატეგიულ გასასვლელში საზღვაო ტრანზიტის მართვის სამომავლო ღონისძიებებისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა ბაღეიმ.
საბოლოო შედეგები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. პარალელურად, ირანული მედია წერს, რომ აშშ-ის ჩარევა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარა ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შეფერხების მთავარი მიზეზია.
სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შანსი 7 ივლისისთვის 50/50-ზეა.