ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალურმა დირექტორმა, იმონ ბრენანმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის დირექტორმა ლევან კარანაძემ სპეციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ საქართველოს ხელშეწყობას ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციისა და სამოქალაქო-სამხედრო საავიაციო სისტემის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.

დოკუმენტის თანახმად, განხორციელდება ეროვნული საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პოლიტიკისა და არსებული სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ანალიზი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

შეთანხმების ფარგლებში, პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს მიერ აუდიტების ფარგლებში მიღებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას და მათ შემდგომ გაუმჯობესებას, საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდას გაზრდილი ნაკადების ფონზე, მაღალი ხარისხის კოორდინაციის მიღწევას სამოქალაქო-სამხედრო ავიაციას შორის, ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევის (SESAR) პროგრამაში ინტეგრირებას და სხვა.

შეთანხმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისა და მიზნების შესრულებას საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს.

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შპს „საქაერონავიგაცია“.

საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა. გასულ წლებში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების, ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის კანონმდებლობასთან დაახლოების, სპეციალისტების მომზადების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.