ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე იწყება. აპლიკანტები ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. გარდა ეროვნული გამოცდებისა, რეგისტრაცია ასევე გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა საგნის გამოცდებისთვისაც.

რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და რეგისტრაცია 30 მარტს, 18:00 საათზე შეწყდება. სწორედ ამ დროიდან, აპლიკანტები ვეღარ შეძლებენ საგამოცდო ქალაქის შეცვლას. თუმცა, 15 მაისამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ გამოცდა ან შეცვალონ საგანი. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, პროგრამების შეცვლის ვადები კონკრეტული მიზეზით გაიზარდა. როგორც მაია მიმინოშვილმა განმარტა, შესაძლოა, აკრედიტირებული უნივერსიტეტების სია შეიცვალოს და შესაბამისად, ამან გაურკვევლობა გამოიწვიოს აბიტურიენტებში. ამიტომ ცვლილებების შეტანა და უნივერსიტეტის შეცვლა აბიტურიენტების ნაშრომების აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე იქნება შესაძლებელი.

“შესაძლოა გარკვეულ უნივერსიტეტებს შეეცვალოს სტატუსი. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ აბიტურიენტებს, რომ მუდმივად შეამოწმონ აღნიშნული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება, შეცვლიან თუ არა მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ჩვენ ვსაუბრობთ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან და ვთხოვთ მათ, რომ აგვისტოს შემდეგ უნივერსიტეტების აკრედიტაცია არ შეიცვალოს, რათა არ მოხდეს გაურკვევლობა. თუ აკრედიტაცია დავუშვათ, შემოდგომაზე შეუჩერდება უნივერსიტეტს, მაშინ სტუდენტებისთვის ცალკე მობილობის ფანჯარა გაიხსნება”, – განმარტა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა.