ერთი წლის წინ გაუჩინარებული მოზარდი ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში უვნებელი იპოვეს
ერთი წლის წინ გაუჩინარებული მოზარდი ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში უვნებელი იპოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 წლის 21 აგვისტოს გაუჩინარებული მოზარდი ჯეიკობ ლი კალდველი ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იპოვეს. 14 წლის ჯეიკობი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოთხ მოზარდთან ერთად ცხოვრობდა.

ჯეიკობის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რის გამოც, სახლიდან გაიქცა და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გაემგზავრა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მას პოლიცია ეძებდა.

2017 წლის 15 აგვისტოს ჯეიკობის მამა დედინაცვალმა მოკლა, რასაც მოზარდი თავად შეესწრო. ჯეიკობი და მისი უმცროსი ძმა საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდნენ, რამდენიმე დღეში კი, მოზარდი გაუჩინარდა. პოლიცია სახლიდან გაქცევის ვერსიის გარდა, ბავშვის გატაცების ვერსიასაც განიხილავდა.

ABC News-ის ინფორმაციით, ჯეიკობ ლი კალდველთან ფსიქოლოგები მუშაობენ. როგორ აღმოჩნდა 14 წლის ჯეიკობი სახლიდან 80 კილომეტრის მოშორებით ან რას საქმიანობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში, მედიისთვის ამ დრომდე უცნობია.