ერთი კლუბის შემადგენლობაში გატანილი გოლების რიცხვით მესი გერდ მიულერს გაუთანაბრდა
“ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი კიდევ ერთი სტატისტიკური მიღწევით დაწინაურდა. “ვილიარეალის” წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში, არგენტინელმა ერთი გოლის გატანა მოახერხა, რითაც “ბარსელონაში” 525 გოლი დაუგროვდა.
ერთი კლუბის შემადგენლობაში გატანილი გოლების რიცხვით, მესი ლეგენდარულ გერმანელს, გერდ მიულერს გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე 525 გოლი ჰქონდა “ბაიერნში”.
ეს ფეხბურთელები ყველა დროის სიაში მესამე ადგილს იყოფენ. მეორე ადგილზეა ჩეხეთის “სლავიას” ფეხბურთელი იოზეფ ბიცანი 534 გოლით, ხოლო პირველი ადგილს დიდი უპირატესობით იკავებს “ფეხბურთის მეფე” – პელე. მან “სანტოსში” თამაშისას 643 გოლი გაიტანა.
2017-2018 წლების სეზონში, მესის 23 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. კონტრაქტის მიხედვით, არგენტინელმა “ბარსელონაში” კიდევ 3.5 წელი უნდა ითამაშოს.