ერთა ლიგის პირველი ფინალის მასპინძლობა სამ ქვეყანას სურს
ერთა ლიგის პირველი ფინალის მასპინძლობა სამ ქვეყანას სურს

იტალიას, პოლონეთსა და პორტუგალიას სურთ, 2019 წლის ივნისში ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშების ფინალურ სტადიას უმასპინძლონ, – იტყობინება უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

წესების თანახმად, ერთა ლიგის ფინალური რაუნდი A ლიგის ერთ-ერთ ქვეჯგუფში გამარჯვებული ქვეყნის სტადიონებზე უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ იტალიის, პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები A ლიგის მესამე ჯგუფში ერთად არიან მოხვედრილნი.

“ტურნირის ფინალურ სტადიაში ითამაშებენ A ლიგის ოთხ ჯგუფში გამარჯვებულები. ნახევარფინალები გაიმართება 2019 წლის 5 და 6 ივნისს, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი – 9 ივნისს.
ფინალური ტურნირი ორ სტადიონზე გაიმართება. სასურველია, ეს არენები ერთ ქალაქში იყოს ან მათ შორის დაცილება არ უნდა აღემატებოდეს 150 კილომეტრს”, – წერია უეფა-ს გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ A ლიგაში ჯგუფების შემადგენლობა ასეთია:
ჯგუფი 1: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია;
ჯგუფი 2: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია;
ჯგუფი 3: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი;
ჯგუფი 4: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია.