ერთა ლიგა | უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს სერბი არბიტრი განსჯის #1TVSPORT
ერთა ლიგაზე უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს გამოცდილი სერბი არბიტრი, სრდან იოვანოვიჩი განსჯის, ლაინსმენები უროშ სტოიკოვიჩი და მილოშ სიმოვიჩი იქნებიან, მეოთხე მსაჯად ნოვაკ სიმოვიჩი იმუშავებს. VAR-ის ფუნქციებს მომჩილო მარკოვიჩი და ელენა ცვეტკოვიჩი შეასრულებენ – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
40 წლის იოვანოვიჩი 2015 წლიდან ფიფა-ს არბიტრია, 2019 წლიდან კი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მსაჯობს. 2017 წელს საქართველოში ჩატარებული 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალის მთავარი მსაჯი იყო, რომელშიც ინგლისმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
იოვანოვიჩი 2019 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს მოემსახურა, ასევე მივლენილი იყო ოლიმპიურ თამაშებზე (2021). 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ დიდ ტურნირებზე აღარ გამოჩენილა – გამოტოვა ევროპისა (2024) და მსოფლიოს ჩემპიონატები (2026).
იოვანოვიჩს საქართველოს ნაკრების თამაში აქამდე არასდროს უმსაჯია, უნგრეთის ნაკრების მატჩს კი ერთხელ, 2015 წლის 14 ოქტომბერს მოემსახურა – მაშინ მარკო როსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პორტუგალიასთან ფრედ (2:2) ითამაშა.
ერთა ლიგის B2 ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრა უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 2 ოქტომბერს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ 22:45 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.