ერთ წელიწადში სურსათი 8 პროცენტით, თამბაქო კი, 29 პროცენტით გაძვირდა
ერთ წელიწადში სურსათი 8 პროცენტით, თამბაქო კი, 29 პროცენტით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები საქართველოში 8.0 პროცენტით გაძვირდა.

დღეს გამოქვეყნებული, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი  – 18.2 პროცენტი, თევზეული  -16.3 პროცენტი, პური და პურპროდუქტები  – 12.4 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული  -11.0 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.3 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი – 6.5 პროცენტი, ასევე მინერალური და წყაროს წყალი – 4.7 პროცენტი.

ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე წლიურად 3.4 პროცენტით.

ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში გაძვირებულია თამბაქო – 29.1 პროცენტით. ამასთან, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.4 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 8.4 პროცენტით, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 4.9 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე – 2.1 პროცენტით.

დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები გაზრდილია 6.2 პროცენტით. 6.6 პროცენტით გაძვირდა გასართობი და კულტურული მომსახურება.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 3.9 პროცენტით. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა  – 5.8 პროცენტით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – 3.6 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურება – 1.7 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.9 პროცენტამდე გაიზარდა, თამბაქოს გარეშე კი, 4.2 პროცენტამდე. ამასთან, 2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა.