ერთ-ერთი მოწმის ძმის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა მისი ძმის ავტომობილი გააჩერა და ბანკის შენობამდე მიყვანა მოსთხოვა
ერთ-ერთი მოწმის ძმის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა მისი ძმის ავტომობილი გააჩერა და ბანკის შენობამდე მიყვანა მოსთხოვა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის საქმის ერთ-ერთი მოწმის, დავით მატუას ძმის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის შენობამდე მისი ძმის ავტომობილით მივიდა.

როგორც ბაჩანა მატუამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მისი ძმა დავით მატუა ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შეიარაღებულმა პირმა გააჩერა და ბანკში მიყვანა მოსთხოვა.

ბაჩანა მატუას ინფორმაციით, მისი ძმა დავით მატუა მეხანძრე-მაშველია.

„ქალაქში მიდიოდა მეგობართან მანქანით. როგორც ვიცით, ხიდია და იქ გადაუდგა შეიარაღებული პირი და ჩაუჯდა მანქანაში. წინ დაუდგა და ეგრევე უკან ჩაუჯდა და იმან უთხრა, გზას უყურე იარე პირდაპირო, ქალაქის მიმართულებითო. ბევრი დიალოგი არ ყოფილა, უთხრა რუსთაველის ქუჩისკენ იარეო. მერიის შენობასთან რომ მივიდნენ, უთხრა შეანელე მანქანაო და ბანკამდე მიიყვანა. იქ ეგრევე გადმოხტა და სროლის ხმა გაიგო.  ჩემი ძმა თან რეკავდა 112-ში და იქვე ახლოს სამსახურში მივიდა, შემდეგ დაკითხეს და დაილუქა მანქანა. თავიდან ჩემმა ძმამ ისიც იფიქრა, ალბათ სპეცრაზმელია და ღონისძიებას ატარებენ, ან შეიძლება, ჩამორჩაო. თვითონაც უთქვამს ამ ტონალობით რატომ მეუბნები წადიო, მეც თანამშრომელი ვარო, მაგრამ დიალოგში არ შესულა, უთხრა იარე, წინ იყურეო“, – განაცხადა ბაჩანა მატუამ.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმის საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბანკის თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ისინი საგამოძიებო უწყებაში უკომენტაროდ შევიდნენ.

ცოტა ხნის წინ სამმართველოს შენობა დატოვა დავით ხვიბლიანის მამამ, ლაშა ხვიბლიანმა. დავით ხვიბლიანი იმ ოთხ მძევალს შორის იყო, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა.

ლაშა ხვიბლიანის ინფორმაციით, როგორც მისთვის ცნობილია, გათავისუფლების შემდეგ, მისი ვაჟი დაკითხვაზე ჰყავდათ, შემდეგ კი, სენაკის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდა, სადაც მსახურობს.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.