საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო სესია გამართა. დელეგატების წინაშე მოხსენებითი სიტყვით კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი წარდგა. სესიაზე 2019 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა სესიის დელეგატებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ ისაუბრა.
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე ესწრებოდა, რომელმაც ოლიმპიურ კომიტეტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
სესიას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციებისა და ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა და სხდომის საზეიმო ცერემონიალზე უარი თქვეს.
სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: სეოკ-ის აღმასკომის ანგარიში, 2019 წელს ჩატარებული სამუშაო.
საქართველოს დელეგაციის ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებისთვის (ტოკიო, 24 ივლისი – 9 აგვისტო, 2020 წ.) მზადება;
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის (9-22 იანვარი, 2020 წ. ლოზანა, შვეიცარია) ქართველ სპორტსმენთა მზადებისა და 2025 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში ჩატარების განაცხადი.