საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული უსაფრთხო და გამჭვირვალე რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულაცია შეიმუშავა.
საქართველო ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წესის დანერგვა უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და სექტორში რისკების მართვის გაუმჯობესებას.
სებ-ის ცნობითვე, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ განისაზღვრება პირველადი შეთავაზების, მათ შორის, გამოშვების წინაპირობები და შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები; ასევე, მომსახურებაში ჩართულ მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
„წესით შემოდის სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები: სტაბილური ვირტუალური აქტივი (მათ შორის ლარის, უცხოური ვალუტის), პირველადი შეთავაზება, სარეზერვო აქტივები, შეთავაზების დოკუმენტი, გამოსყიდვა და სხვა. დოკუმენტის თანახმად, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივი სრულად (100%) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეზერვო აქტივებით. დოკუმენტი ასევე ადგენს სარეზერვო აქტივების კომპოზიციას და სავალდებულო წილობრივ მაჩვენებლებს, განსაზღვრავს კაპიტალის და სარეზერვო აქტივების სეგრეგირებულ შენახვას, სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელთა მოთხოვნის საფუძველზე გამოსყიდვის ვალდებულებას, ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სტანდარტებს. ასევე, შეთავაზების დოკუმენტის აუცილებელ კომპონენტებს, ტექნოლოგიური და საოპერაციო რისკების მართვის და კაპიტალის მოთხოვნებს.