ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო შეიმუშავა
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო შეიმუშავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო შეიმუშავა. კობა გვენეტაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ის ძალაში პირველ აპრილს შევა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო, რომელიც უნდა იყოს კომერციული ბანკის ზომისა და სირთულის შესაფერისი და შესაბამისობაში იყოს კომერციული ბანკის მიერ გაწეულ საქმიანობასთან. ამასთან, კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო სრულიად ინტეგრირებული უნდა იყოს კომერციული ბანკის მთლიანი რისკების მართვის პროცესში.

ბრძანებაში საუბარია კიბერუსაფრთხოების ჩარჩოს კომპონენტებზე, კიბერუსაფრთხოების რისკის იდენტიფიცირებაზე, ასევე დაცვის, აღმოჩენის, რეაგირებისა და აღდგენის მიმართულებებზე.

„კომერციული ბანკმა, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, უნდა ჩაატაროს შეღწევადობის ტესტირება, რომელიც მოიცავს კომერციული ბანკის ყველა იმ საინფორმაციო სისტემას, რომელიც ქსელში არის ჩართული“, – აღნიშნულია დოკუმენტის ერთ-ერთ მუხლში.