ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპის შეთავაზებული შეთანხმება „კაპიტულაციასთან საკმაოდ ახლოსაა“
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპის შეთავაზებული შეთანხმება „საკმაოდ ახლოსაა კაპიტულაციასთან“ ვლადიმერ პუტინის მიზნების წინაშე. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ამ პროცესმა, შესაძლოა, ნატო-დან აშშ-ის გასვლა გამოიწვიოს. ამის შესახებ ბოლტონმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობდი, რომ ტრამპი ნატო-დან გავიდოდა და ჯერ ეს არ გაუკეთებია, მაგრამ მუსიკა უკვე ისმის. ცეცხლის შეწყვეტა ადგილზე, მილიტარიზებული ზონის შექმნა, მოლაპარაკებების დაწყება, უკრაინის თანხმობა, არ გაწევრიანდეს ნატო-ში – ეს არის დარეგულირება, რომელიც რეალურად კრემლში შეიძლებოდა დაეწერათ“, – აღნიშნა ბოლტონმა.
ბოლტონის თქმით, იგი უკრაინაში ევროპის სამშვიდობო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.
„სამშვიდობო ძალების განთავსების წინააღმდეგი ვარ. გაერო-ს გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამშვიდობო ძალებს როდესაც განათავსებ, ის, შეიძლება, ლანდშაფტის მუდმივ ნაწილად იქცეს და ამ შემთხვევაში გამოიწვიოს უკრაინის დე ფაქტო გაყოფა, რაც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, დე იურე გახდეს“, – განაცხადა ბოლტონმა.
ამასთან, ბოლტონს აქვს კითხვები სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით.
„რა არის ზუსტად ამ ძალების როლი? არის ეს ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა, რა დროსაც სამშვიდობოებს ძალის გამოყენების უფლება აქვთ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის თავიდან ასაცილებლად? თუ ეს არის გაერო-ს ტიპის სამშვიდობო ძალა, სადაც სამშვიდობოები უბრალოდ ხელს უქნევენ დამრღვევებს, როცა ისინი მხიარულად მიდიან თავიანთი გზით? ეს კრიტიკული განსხვავებებია და, ყოველ შემთხვევაში მე, არ მსმენია ევროპელებს შორის რაიმე განხილვა, თუ ამ ორიდან რომელი აქვთ მხედველობაში“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა.
ჯონ ბოლტონის აზრით, უმჯობესია, ევროპამ მტკიცედ დაუჭიროს მხარი უკრაინას იარაღის მიწოდებითა და დახმარებით, ნაცვლად ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმებული მომავალი სცენარების დაგეგმვისა.
„არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტით წარიმართოს. ასე რომ, თუ არ ხართ მზად, უარი თქვათ უკრაინის მიერ ტერიტორიების დაბრუნების ნებისმიერ შესაძლებლობაზე, კონტროლის არსებული ხაზების გაყინვის იდეა პოტენციურად ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
ცნობისთვის, ჯონ ბოლტონი ტრამპის ადმინისტრაციაში 2018-2019 წლებში, 17 თვის განმავლობაში მუშაობდა და თანამდებობა საგარეო საკითხებზე უთანხმოების გამო დატოვა.