ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პირველ სხდომას გამართავს
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პირველ სხდომას გამართავს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

„მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.