ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე სამუშაოდ უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნება
ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე სამუშაოდ უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავებს.

მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერითა და მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 10 აპრილს შეიქმნა.

„სხდომას, რომელსაც თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხელმძღვანელობდა, ვიცე-პრემიერები, დიმიტრი ქუმსიშვილი, მიხეილ ჯანელიძე, გიორგი გახარია, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები დაესწრნენ.

შეხვედრაზე მიღებული იქნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავებს და საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით იხელმძღვანელებს.

საუბარი შეეხო უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, სხვადასხვა უწყების მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებასა და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების როლს.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო, შემდეგ ეტაპზე კი მზადყოფნის გეგმების შემუშავება და განხორციელება სახელისუფლებო მიდგომის ფარგლებში, შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოხდება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.