სატყეო სააგენტოსა და „ეფეს საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სატყეო სააგენტოსა და „ეფეს საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის მოხალისეობრივი პლატფორმის, „ტყის მეგობარი“ ფარგლებში კორპორატიული თანამშრომლობა.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ და სს „ლომისის“ დირექტორმა, ბურჩ კურტოღლუმ მოაწერეს.

„მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ტყეების დაცვის, აღდგენის, მდგრადი მართვის აუცილებლობას და ამ პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს.პარტნიორობის ფარგლებში ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ტყის აღდგენას და მოვლას დაქვემდებარებული ფართობების შერჩევას, ტყის აღდგენის პროექტების მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობას“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, კახა ცერცვაძის განცხადებით, პროექტის ძირითადი მიზანია, გააერთიანოს საზოგადოება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გარშემო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პლატფორმამ შემოიკრიბოს არა მხოლოდ მოხალისეთა ჯგუფები, არამედ კერძო სექტორი, მათ შორის მსხვილი კომპანიები. „ეფეს საქართველოსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმიც ამის დასტურია. ვფიქრობ, მათი მხარდაჭერით ტყის აღდგენის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა ცერცვაძემ.

„მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა. „ეფეს საქართველო“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც „ტყის მეგობარს“ შეუერთდა. კომპანიის ინიციატივით, გასულ წელს თიანეთში ტყის აღდგენის ღონისძიებები 12 ჰა ფართობზე განხორციელდა“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.