ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კოლხური ბზის კორომების შეწამვლის სამუშაოებს გაეცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კოლხური ბზის კორომების შეწამვლის სამუშაოებს გაეცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ნაქერალას უღელტეხილზე კოლხური ბზის კორომების შეწამვლის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ინვაზიური მავნებლის, ბზის ალურას (Cydalima perspectalis) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში 2016 წლიდან ახორციელებს. მათივე ცნობით, კოლხური ბზის დაზიანებული კორომები ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდებოდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სავანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში, სულ – 550 ჰა ფართობზე. მავნებლის წინააღმდეგ ასევე გამოყენებული იყო ფერომონიანი მწერსაჭერები.

მიმდინარე წელს სფეროს ექსპერტებმა, სამეცნიერო წრეებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცენტი გაკეთდეს საკონსერვაციო ქმედებებზე, გამოიყოს სანიმუშო ფართობები და მოხდეს მათი ქიმიური პრეპარატით დამუშავება. სანიმუშო ფართობად ნაქერალას უღელტეხილზე არსებული კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის 20 ჰექტრიანი კორომი შეირჩა, რომელიც 2019 წელს 3-ჯერ დამუშავდება, ხოლო, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ბზის კორომებში ბრძოლისა და მონიტორინგის ღონისძიებები ფერომონიანი მწერსაჭერებით გაგრძელდება.

მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების გარდა, ეროვნული სატყეო სააგენტო კოლხური ბზის დაკალმებასაც ახორციელებს, მისი გამრავლებისა და ბუნებაში დაბრუნების მიზნით.