ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 45 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 45 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
„ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ხუთი სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ხუთი – სამცხე-ჯავახეთის, ოთხი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 18 – ქვემო ქართლის, ერთი – მცხეთა-მთიანეთის, შვიდი – გურიის, ოთხი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო ერთი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან ორი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტების პარალელურად, გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 11 ფაქტი, აქედან რვა – შიდა ქართლის, ორი – კახეთის და ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 319 ფაქტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.