ეროვნული სატყეო სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა
ეროვნული სატყეო სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა

გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსი ჩატარდა.

ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, სწავლება სააგენტოს 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა.

კოდექსით განსაზღვრულ საკითხებზე მომზადებული სპეციალური პროგრამა სააგენტოს თანამშრომლებს დაეხმარება, ეფექტიანად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები. კურსის ფარგლებში, 120 თანამშრომელი ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზებასა და ტაქტიკაშიც გადამზადდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული პროგრამა, თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს და მასში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების გარდა, მოხალისეების სახით, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება.