ეროვნული სატყეო სააგენტო - თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევი 9 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
„კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგების საშუალებით გამოვლინდა. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.
„მერქნული რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის არაერთი ფაქტი თანამდეროვე ტექნოლოგიების – ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაა გამოვლენილი. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები გატარდება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.