ეროვნული სატყეო სააგენტო სურამში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ეროვნული სატყეო სააგენტო სურამში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეროვნული სატყეო სააგენტო დაბა სურამში, ე.წ ბაიანთხევის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაზიანებულ მუხნარ კორომში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევის საფუძველზე გამოვლინდა მავნებელი (მუხის დიდი ხარაბუზა და მუხის ფორთლის რწყილი), ასევე დაფიქსირდა მუხის ინტენსიური ხმობა და ზეხმელი მუხის ხეები.

შესაბამისად, სააგენტოს მიერ 3,3 ჰა ფართობისთვის მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 80-მდე დაზიანებული ხე-მცენარის მოჭრას და ტერიტორიაზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობისა და ტყის გაშენების ღონისძიებებს.

ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები უკვე განხორციელდა და უახლოეს მომავალში ნერგების დარგვის ღონისძიებები დაიწყება.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე ფართობზე 6 000 მუხისა და იფნის სტანდარტული ნერგი დაირგვება, რომლებიც სააგენტოს ტყის დროებით სანერეებშია გამოყვანილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.