ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 16 ნოემბრიდან ელექტრონულად ჩატარდება
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 16 ნოემბრიდან ელექტრონულად ჩატარდება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 16 ნოემბრიდან ელექტრონულად ჩატარდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.

ოლიმპიადისათვის დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება, შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და მითითებულ ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისთვის განკუთვნილი დავალებები.

„მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60 პროცენტი ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის წინა წლის შესაბამისი საგნის ოლიმპიადის გამარჯვებული და საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ტურზე, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საგნის და კლასის ოლიმპიადის შემდეგ ტურში“, – ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

ოლიმპიადა კონკრეტული კლასის/კლასების შესაბამისად ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

ცენტრში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ ვერ იპოვა მოსწავლე, როგორც დარეგისტრირებული, მან უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას დეტალების დასაზუსტებლად.

პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და თითოეული ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.