ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშები დღეს განახლდება
ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშები დღეს განახლდება

სანაკრებო პაუზის შემდეგ, დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშები განახლდება.

„სამტრედია“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს, რომელიც გადათამაშებაში მოხვედრას ცდილობს.

ბათუმის „რაგბი არენაზე“ ქობულეთის „შუქურა“ გათამაშების ლიდერს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. შესაძლოა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით დაფიქსირებული შედეგი მიმდინარე სეზონში ორივესთვის გადამწყვეტი გამოდგეს. ქობულეთელებს მხოლოდ მოგება სჭირდებათ, „კოლხეთს“ რომ გადაასწრონ და გადათამაშებაში მოხვდნენ. მარცხის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდებიან. ხოლო თბილისელები გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდებიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმერული დერბიში საჩხერის „ჩიხურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. ქუთაისელთათვის ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია, ლიდერ „დინამოსთან“ სხვაობა რომ შეამციროს.

გორის „დილა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს – ორივე გუნდს უპირობო გამარჯვება სჭირდება. გორელებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ხოლო თბილისელებს ევროპის ლიგაზე მოსახვედრად.

ბათუმის „დინამო“, რომელიც თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ამის გაკეთება გადათამაშებაში მონაწილეობის გარეშე სურთ. საბურთალოელთა მიზანი კი, მეოთხე ადგილის შენარჩუნება და ევროპის ლიგაზე მოხვედრაა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, „ჩიხურასა“ და „ტორპედოს“ შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას 16:00 სააათზე მეორე არხი შემოგთავაზებთ.