ეროვნული საფეხბურთო ლიგა - "სამტრედიამ" საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - "სამტრედიამ" საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა: “საბურთალო” საშინაო მატჩში საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა 1:2. თუმცა, თბილისური გუნდი 53 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა.
ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” “ტორპედომ” “სამტრედიას” უმასპინძლა და თორნიკე კაპანაძის მიერ მე-13 და 70-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა..
თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” 4:0 გაანადგურა. მე-19 წუთზე ანგარიში ლევან გეგეჭკორმა გახსნა, ხოლო ბექა მიქელთაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა (49, 79 და 82-ე წუთებზე). ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” 71 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 4 ქულით უსწრებს ”ტორპედოს” და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
თავის მხრივ, “სამტრედიასთან” მოპოვებული გამარჯვებით, “ტორპედომ” მეტოქეს 6 ქულით გაასწრო და სასწაული თუ არ მოხდა, ვიცე-ჩემპიონობა გარანტირებული აქვს და ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებს.
“სამტრედიამ” კი ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა – დარჩენილ სამ ტურში გუნდი ვეღარ მოახერხებს იმ 10-ქულიანი ჩამორჩენის შემცირებას, რაც თბილისის “დინამოსთან” გააჩნია.