ეროვნული საფეხბურთო ლიგა პირველ არხზე - ოთხიდან სამი მატჩი „მიხეილ მესხზე"
ეროვნული საფეხბურთო ლიგა პირველ არხზე - ოთხიდან სამი მატჩი „მიხეილ მესხზე"

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 23-ე ტურის თამაშები დღეს იწყება. ამ უქმეებზე სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რამდენიმე დაპირისპირება გაიმართება.

თბილისის “ლოკომოტივი” 17:00 საათზე “მიხეილ მესხი 2”-ზე საჩხერეს “ჩიხურას” უმასპინძლებს. დღესვე ამავე სტადიონის მთავარ მოედანზე “რუსთავი” 20:00 საათზე გათამაშების ლიდერ “საბურთალოს” შეხვდება.

დარჩენილი ორი მატჩი კვირას, 26 აგვისტოს დაიგეგმა: “სამტრედია” მესამე გუნდია, რომელიც ამ ტურში “მიხეილ მესხის” სარბიელზე ითამაშებს – გია ცეცაძის გაწვრთნილები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილ ფოთის “კოლხეთი 1913”-ს “მიხეილ მესხი 2”-ზე შეხვდებიან.

პირველი არხი გორში ჩასატარებელ დაპირისპირებას აჩვენებს: “დილა” თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის “სიონს” მიიღებს. პირდაპირი ტელერეპორტაჟი 19:00 საათზე დაიწყება.

ქუთაისის “ტორპედო” ტურს ამჯერადაც გამოტოვებს. ევროპის ლიგის პლეი-ოფის მონაწილე ერთადერთ ქართულ გუნდს კვირას, 26 აგვისტოს, “დინამო-არენაზე” თბილისის “დინამოსთან” ჩასატარებელი ქართული კლასიკო გადაუდეს.