ეროვნული მუზეუმი 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ნიკო ფიროსმანის ავსტრიაში ექსპონირებას ასახელებს
ეროვნული მუზეუმი 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ნიკო ფიროსმანის ავსტრიაში ექსპონირებას ასახელებს

ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, 2018 წელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 215 ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2018 წლის მუშაობა შეაჯამა.

ეროვნულ მუზეუმში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად 2018 წელს ნიკო ფიროსმანის ავსტრიაში ექსპონირებას ასახელებენ. უკვე რამდენიმე თვეა ნიკო ფიროსმანს პიკასოს, შაგალის, მონესა და მუნკის გვერდით მთელი მსოფლიო ნახულობს.

„გასული წელი მართლაც რომ განსაკუთრებული იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის. ფიროსმანი ალბერტინაში, ოქრო, ღვინო და პირველი ევროპელები გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ათასობით დამთვალიერებლის წინაშე გაცოცხლდა ისტორიები საქართველოზე, როგორც პირველი ევროპელების სამშობლოზე, ღვინის უძველესი წარმოების ტრადიციაზე, მედეას სიყვარულსა და ოქროს საწმისზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, გასულ წელს საქართველო მარსელსა და ბაქოშიც გაიცნეს.

ეროვნული მუზეუმის წლის შემაჯამებელ ანგარიშში საერთაშორისო გამოფენებიც შევიდა, მათ შორის ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ტიციანის, ბერნინისა და სხვა დიდი იტალიელი ოსტატების ნამუშევრების გამოფენები თბილისში.

ამასთან, არაერთი გამოფენა და საჯარო ლექცია ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან, კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წელთან დაკავშირებით.

მუზეუმის ცნობით, წლის განმავლობაში 38 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა ეროვნული მუზეუმის თბილისისა და რეგიონულ მუზეუმებში, ასევე 38 საგანმანათლებლო პროგრამა, 35 საჯარო ლექცია და საერთაშორისო კონფერენცია. ამასთან, გასული წელი დატვირთული იყო სამეცნიერო კვლევებით, არქეოლოგიური აღმოჩენებით, წიგნის პრეზენტაციებით, ფილმის ჩვენებებით, სიმფონიური ორკესტრის კონცერტებით და სხვა.

წლის განმავლობაში საქართველოს მუზეუმებს 400 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.