ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩი მიეძღვნება ლეგენდარულ კაპიტანს - „დინამო“ ბასა ღოღობერიძის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს [ვიდეო] #1TVSPORT
„ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ჩვენი გუნდის მეტოქე წყალტუბოს „სამგურალი“ იქნება. მატჩი „დინამო არენაზე“ 10 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრა „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ბასა ღოღობერიძის, 100 წლის იუბილეს მიეძღვნება“, – წერია „დინამოს“ პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
ავთანდილ ღოღობერიძე (ცნობილია მეტსახელით ბასა) თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი. დიდი სამამულო ომის მონაწილე. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.
ავთანდილ ღოღობერიძე 1922 წლის 3 აგვისტოს სოხუმში დაიბადა. თამაშიც სოხუმის ბავშვთა გუნდში დაიწყო. 1939 წელს სოხუმის „პიშჩევიკში“, ხოლო 1940–1941 წლებში – სოხუმის „დინამოში“. 1944 წელს ქვეყნის პირველ გუნდში მიიწვიეს, სადაც 1961 წლამდე გამოდიოდა და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.
ღოღობერიძე თბილისის „დინამოს“ რეკორდსმენია საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი ბურთების მიხედვით – 341 მატჩში 127 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1951, 1953) და ოთხგზის ბრინჯაოს მედლის (1946, 1947, 1950, 1959) მფლობელია. საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ორჯერ (1946, 1960) ითამაშა. ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი (1951, 1954), არის „ასიანთა კლუბის“ წევრი (143 გოლი).
ღოღობერიძის დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 15 ივლისს, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ბულგარეთის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ითამაშა სამი მატჩი და 1 გოლი გაიტანა.
კარიერის დამთავრების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. სხვადასხვა დროს იყო თბილისის „დინამოს“ (1961–1962) და თბილისის „ლოკომოტივის“ (1966–1967) მთავარი მწვრთნელი, თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი (1962-1965).
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. ავთანდილ ღოღობერიძე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ:
მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ავთანდილ ღოღობერიძე საქართველოს XX საუკუნის მეექვსე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.
ვიდეო: 1954 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი. თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დინამოელთაგან გოლები გაიტანეს ღოღობერიშვილმა და კალოევმა.