ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ წააგო და ჩემპიონობის შანსი დაკარგა - „სამგურალმა“ ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 35-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. წყალტუბოს „სამგურალმა“ „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა, რის შემდეგაც ქუთაისელებს ჩემპიონობის შანსი აღარ აქვთ, ფოთის „კოლხეთმა“ კი „დინამო თბილისს“ დიდი ანგარიშით, 3:0 სძლია.
წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩის პირველ ტაიმში ორი გოლი გავიდა და ორივე პენალტით – ანგარიში „სამგურალმა“ მე-15 წუთზე თედო კიკაბიძის ზუსტი დარტყმით გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ქუთაისელთა თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა გამოიყენა. გადამწყვეტი გამოდგა 90+4-ე წუთზე ლევან კუტალიას გოლი.
ფოთის „კოლხეთმა“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. კახა ჩხეტიანის გუნდმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში მე-15 წუთზე გიორგი ახალაძემ გახსნა, მალე ერეკლე ჯიჯავაძემ (24) უპირატესობა გაზარდა. მეორე ტაიმში საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე გიგი აბუაშვილმა დააფიქსირა.
35 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 67 ქულით დარჩა და ვეღარ დაეწევა „იბერიას“ (71), რომელსაც დარჩენილ ორ მატჩში ქულაც ხელს აძლევს, რათა ოქროს მედალი ისტორიაში მეორედ მოიპოვოს. თბილისელების დაწევის შანსი მხოლოდ გორის „დილას“ (65) გააჩნია, რომელსაც უპირატესობა დამატებითი მაჩვენებლებით აქვს. გორელებმა დარჩენილი ორივე მატჩი უნდა მოიგონ, ხოლო „იბერიამ“ ორივე უნდა წააგოს.
წყალტუბოს „სამგურალმა“ (43) ლიგაში ადგილი უკვე შეინარჩუნა, მაგრამ ფოთის „კოლხეთსა“ (38) და „დინამო თბილისს“ (39) ეს ამოცანა ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვთ.