ლევან კობიაშვილი – გიორგი ნემსაძე გამორჩეული თანაგუნდელი, კაპიტანი და ადამიანი იყო #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ემოციურად გამოეხმაურა ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას.
„ძალიან ემოციური და მძიმეა შენზე წარსულ დროში საუბარი. შენი ნაადრევი წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც ჩემთვის – შენი ყოფილი თანაგუნდელისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ნაკრებში ერთად გატარებული თითოეული წუთი და ის საფეხბურთო ემოციები, რომლებიც არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან.
ყოველთვის გამორჩეული იყავი, როგორც თანაგუნდელი, როგორც კაპიტანი და როგორც ადამიანი მოედნის მიღმა. შენი ლიდერობა და ადამიანური თვისებები ყველას მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.
ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც მისი თამაშითა და ადამიანობით ამაყობდა. გიო, შენი განვლილი გზა და ჩვენთან ერთად შექმნილი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებსა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში“, – ამბობს კობიაშვილი.
გიორგი ნემსაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. ის გუნდის კაპიტანი 42 შეხვედრაში იყო.