ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ გორში „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ გორში „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში გორის „დილას“ ესტუმრა და ერთ-ერთ ლიდერთან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში, რომელიც გორში გაიმართა, ქუთაისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-3 წუთზე მარცხენა ფლანგზე პაატა ღუდუშუარი მცველს ეფექტურად გასცდა და კარის წინ თავისუფალ პოზიციაში მყოფი მოჰამედ ჩერიფი მონახა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შანსი. გორის „დილა“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ ხან შემტევებს არ ეყოთ სიზუსტე და ხან ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩი თამაშობდა საიმედოდ.

საბოლოოდ, „ტორპედომ“ უპირატესობა შეინარჩუნა, 13 ტურის შემდეგ ქულათა მარაგი 18-მდე გაზარდა და მე-5 ადგილზეა, ხოლო გორის „დილა“ (23) მესამე პოზიციაზე დარჩა.