ეროვნული ლიგა | „სამგურალთან“ მოგებით „დინამო“ მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მესამე წრის ბოლო ტური „პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული „გაგრასა“ და ტყიბულის „მეშახტეს“ შეხვედრით გაიხსნა, რომელიც 1:1 დასრულდა.
24-ე წუთზე მასპინძლები კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ დააწინაურა. თუმცა კახა ჩხეტიანის გუნდმა თამაში გადაარჩინა – 83-ე წუთზე „გაგრას“ კარი მათე კვირკვიამ აიღო.
უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ გამართული „სამგურალისა“ და „დინამო თბილისის“ დაპირისპირება, რომელიც სტუმრებმა 3:2 მოიგეს.
პირველ ტაიმში მასპინძლებიდან თავი მცველმა, ლევან გეგეჩკორმა დუბლით გამოიჩინა, რასაც თბილისელებმა მაქსიმ ტეიშეირას და ჰალიდ დორტმურზიევის დარტყმებით უპასუხეს.
გადამწყვეტი გოლი 74-ე წუთზე ნიკა ნინუამ გაიტანა. 45 ქულით „დინამო თბილისი“ მეორე ადგილზე გადავიდა, „სამგურალი“ (32) მეშვიდე პოზიციაზეა, მერვეზეა „გაგრა“ (29), ხოლო „მეშახტე“ (17) მე-10-ზე.