ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონს მოუგო და „რუსთავს“ დაეწია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ბათუმმა უმასპინძლა – „დინამომ“ მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ 2:0 დაამარცხა და ლიდერს გაუთანაბრდა.
საინტერესოა, რომ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი – გია ჭიაბრიშვილი და ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდნენ. თბილისელებმა მიმდინარე სეზონში „დინამოს“ ორივე მატჩი ისე მოუგეს, ერთიც არ გაუშვიათ.
ზაფხულში გაძლიერებული ბათუმის „დინამო“ ამჯერად ბევრად უკეთ გამოიყურებოდა – ანგარიში 62-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, მაურიდესმა გახსნა. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ დააფიქსირა – ორივეჯერ საგოლე გადაცემა ულად-ომარ იმრანმა შეასრულა. „იბერიამ“ თამაში 10 კაცით დაასრულა – 90-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი თბილისელთა ნახევარმცველმა, ბაქარ ქარდავამ მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.