ეროვნული ლიგა 4 | საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ თბილისში ითამაშებს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 4 | საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ თბილისში ითამაშებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, რომელიც სულ რაღაც 15 წლის წინ საქართველოში საუკეთესო გუნდი იყო, ლიგა 4-ში დაქვეითდა და მშობლიური ქალაქის ნაცვლად, თბილისში ითამაშებს, სადაც კლუბის კუთვნილი საწვრთნელი ბაზაა – ამის შესახებ გუნდის სპორტულმა დირექტორმა, სერგო ფუტკარაძემ განაცხადა.

ამ გადაწყვეტილებამ ზესტაფონელი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ კლუბის სპორტული დირექტორის თქმით, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო „ზესტაფონს“ სხვა გზა არ ჰქონდა.

„გუნდი ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება და საშინაო მატჩებსაც თბილისში, ილია კოკაიას სახელობის ცენტრში ჩაატარებს. ზესტაფონში თამაშების გამართვა ჩვენზე მეტად არავის უნდოდა, მაგრამ ლიგა 4-ის გუნდის მწირი დაფინანსება ფეხბურთელების მოწვევის საშუალებას არ გვაძლევს.

ამასთანავე, თბილისშია „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა და საფეხბურთო აკადემია, რომელის გუნდები საერთაშორისო ტურნირებზე და ადგილობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობენ, აქცენტი ამ თაობაზე კეთდება. მათ რამდენიმე ახალგაზრდას დავამატებთ და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.

ვიცით, რომ თბილისში გადასვლა ერთგულ გულშემატკივარს არ ესიამოვნა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, რადგან სამი წელია ფინანსურ დახმარებას უშედეგოდ ველით“, – განაცხადა ფუტკარაძემ.

ქართული საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა და იმავე წელს ჩაერთო უმაღლეს ლიგაში. კლუბის შექმნის შემდეგ გარემონტდა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი, აშენდა კლუბის ბაზა ზესტაფონსა და თბილისში.

2008 წელს „ზესტაფონმ“ არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა – საქართველოს დავით ყიფიანის თასი. 2010-2011 წლების სეზონში კი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი და ტიტული მომდევნო სეზონშიც დაიცვა. ასევე იყო ვიცე-ჩემპიონი (2014) და საქართველოს სუპერთასის ორგზის გამარჯვებული (2011, 2012).

2015 წელს პროტესტის ნიშნად „ზესტაფონი“ ეროვნული ლიგის თამაშზე არ წავიდა, მიზეზად კი გარიგების საფრთხე დაასახელა და გამოძიებას ითხოვდა. ამის შემდეგ მონაწილეობაზე უარი თქვა და გათამაშებიდან მოიხსნა.

გუნდი 2017 აღადგინეს და თამაში რეგიონიული ლიგიდან დაიწყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ძველ წარმატებებს ვეღარ მიაღწია.