ეროვნული კინოცენტრი ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს
ეროვნული კინოცენტრი ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს

ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის  2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს.

ეროვნულმა კინოცენტრმა საპროდიუსერო კომპანიების განაცხადების მიღება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო. კანდიდატი ფილმების შესარჩევად განაცხადის მიღების ბოლო ვადა კი 30 სექტემბრის 17:00 საათია.

წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს.

კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. კანდიდატი ფილმის სახელი 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.

განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში ან კომერციულ ოლნაინ პლატფორმაზე; უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი); შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში შვიდდღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ფილმი შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე.

იმ შემთხვევაში, თუ ფილმის პრემიერა იგეგმებოდა საქართველოს რომელიმე კინოთეატრში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, მაგრამ ის არ შედგა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული პრობლემის (კინოთეატრების დახურვის) გამო, შესაძლებელია ფილმის მინიმუმ შვიდდღიანი უწყვეტი დისტრიბუცია განხორციელებული იყოს, ან 15 სექტემბრამდე განხორციელდეს რომელიმე კომერციულ ონლაინ პლატფორმაზე. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ცნობა.