ეროვნული გვარდია 28 წლის იუბილეს აღნიშნავს [ვიდეო]

საქართველოს ეროვნული გვარდია 28 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ დაღუპული გვარდიელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება და ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ცერემონიის დასასრულს ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

საიუბილეო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე და ვეტერანი გვარდიელები დაესწრნენ.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებისას 650-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.

საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფო შიდა გვარდიებთან, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან.