ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება
ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტთა მისაღებად უკვე მზად არის.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთ მეტრზე მეტი“, – აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დაიგვიანონ მისვლა საგამოცდო ცენტრებში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან. ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე საგამოცდო ცენტრია გახსნილი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, აბიტურიენტი ყურადღებით გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრი ასევე აქვეყნებს საგამოცდო ცენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ეროვნული გამოცდების ჩატარების დაზუსტებული წესები. მთავრობის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც.