ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ მაისში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავისა და ზეთის გაძვირებამ იმოქმედა
ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ მაისში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავისა და ზეთის გაძვირებამ იმოქმედა

2021 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად საწვავის 0.2 პროცენტული პუნქტით და მზესუმზირის ზეთის 0.1 პროცენტული პუნქტით გაძვირებამ იმოქმედა.

„წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას, 1.4 პროცენტული პუნქტით, კომუნალურ გადასახადები ახდენდა. როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ ამის მიზეზი მეტწილად კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულებაა. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. მაისში საწვავის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტულ პუნქტს მიაღწია. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 13.4 პროცენტით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამის გარდა, წინა პერიოდებში ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ სხვა პროდუქტების გაძვირებაზეც იმოქმედა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, როგორც სებ-ში განმარტავენ, სურსათის წლიური ინფლაცია 2.9 პროცენტს, ხოლო წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.

„აქედან გამოსარჩევია მსოფლიო ბაზარზე გაძვირების გამო მზესუმზირის ზეთზე ფასის მკვეთრი, 85 პროცენტიანი, მატება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით კარტოფილის და ვაშლის გაიაფება მოქმედებდა, შესაბამისად, 0.9 და 0.3 პროცენტული პუნქტით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.4 პროცენტამდე შემცირდა“, – განმარტავენ სებ-ში.

დატოვე კომენტარი