ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

არასაბანკო სექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ვიდეო კონფერენციის ფორმატში სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ფინანსური, ისე მომხმარებელთა მომსახურების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს. ასევე იმსჯელეს, საქმიანობის აღდგენისა და შემდგომ პერიოდში ორგანიზაციების თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის ანგარიშგების წარდგენის ვადა, კიდევ ერთხელ, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია, რაც მათი საქმიანობის აღდგენის ვადის გახანგრძლივებით არის განპირობებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს კომუნიკაციას არასაბანკო სექტორთან, რათა ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მინიმალური დანაკარგებით დაძლევის მიზნით, მისი მანდატის ფარგლებში აღმოუჩინოს მხარდაჭერა.

გასულ კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.