ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლარის მერყეობას იმპორტიორებს უკავშირებს
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლარის მერყეობას იმპორტიორებს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ლარის კურსზე მოქმედ ერთ-ერთ ფაქტორად იმპორტიორების ქმედებას ასახელებს.

არჩილ მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, ამ ბაზრისთვის ცვალებადობაა დამახასიათებელი და ეს არ არის ამ ბაზრის დამახასიათებელი ქცევა.

„რაც შეეხება ლარის კურსზე მოქმედ ფაქტორებს, ფუნდამენტური ფაქტორები პოზტიურია, ლარის მერყეობა კი მოლოდინებითაა გამოწვეული. რასაც ვხედავთ, იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, დოლარის შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე, დაკავშირებულია მოლოდინებთან“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

როგორც მან განმარტა, როდესაც ეროვნული ბანკში საუბრობს კურსზე, იგულისხმება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არა ერთ ვალუტასთან მიმართებაში, არამედ სხვადასხვა ვალუტების საშუალო შეწონილი.

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი, მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოხდინა გავლენა კურსზე რომელიმე მსხვილმა ტრანზაქციამ, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, გასულ წელს, როცა მსხვილი ტრანზაქცია იყო, ამაზე ეროვნულმა ბანკმა კომენტარი და ინტერვენციაც გააკეთა. მისივე თქმით, წელს მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.