ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი იქნება და შემცირებას მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს 
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი იქნება და შემცირებას მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და შემცირებას მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს.

ამის შესახებ საუბარია ეროვნული ბანკის პრესრელიზში, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.  საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 6,5 პროცენტიდან 7 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

სებ-ის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს 1,9 პროცენტით აჭარბებს.  ბანკში განმარტავენ, რომ სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად რჩება. ამავე დროს, ბოლო პერიოდში, ინფლაციაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც გავლენას ახდენს.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. როგორც მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კომიტეტი განიხილავდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ. ამასთან, კომიტეტი მზად არის, ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება’’, – განმარტეს ეროვნულ ბანკში.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება და მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს. მიზნობრივი მაჩვებეველი 3 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.